სექსუალური შევიწროება

შსს: სექსუალურ შევიწროებაზე კანონის ამოქმედებიდან დღემდე 11 ფაქტი გამოვავლინეთ

jogja.tribunnews.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ სამ თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა. 

"აღსანიშნავია, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას და პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით,"- წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყონებლივ მიმართონ პოლიციას. 

3 მაისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის ჯარიმა დაწესდა. 

კანონი განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების დეფინიციას, რომლის თანახმადაც სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

ცვლილებებს შენიშვნის სახით დაემატა სექსუალური ხასიათის ქცევის უფრო კონკრეტული განმარტებაც:

"სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა".

კომენტარები