მსოფლიო პოლიტიკა

ბორის ჯონსონი დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებას ნაადრევად მიიჩნევს

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის ახალ არჩეული პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხზე ბრიტანეთის პრემიერმა, გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. "რაც შეეხება რუსეთს და დიდ შვიდეულს, ჩემთვის ცნობილია, რომ რუსეთის დაბრუნებისთვის გარკვეული ნაბიჯები იგეგმება. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ რა მოხდა სოლსბერიში, (ბრიტანულ ქალაქში ყოფილი რუსი ჯაშუშის ქიმიური იარაღით მოწამვლა), თუ გავითვალისწინებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მე მივიჩნევ, რომ რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი დიდი რვიანის ფორმატში ნაადრევია.", — განაცხადა ჯონსონმა.

იქვე ჯონსონმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მისი პოზიციები ემთხვევა ანგელა მერკელის შეხედულებებს.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის დაბრუნება ფორმატში, უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციაზე იქნება დამოკიდებული. მერკელის თქმით, სწორედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გახდა, რუსეთის გარიცხვის მიზეზიც და ამ ფორმატში რუსეთის დაბრუნება მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან არის დაკავშირებული.

აქამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN გაავრცელა ინფრომაცია, რომ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი თანახმა არიან რუსეთს დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე მოიწვიონ. მოგვიანებით, ტრამპმა ეს სურვილი დაადასტურა, ხოლო საფრანგეთის დიპლომატიურ წრეებში განმარტეს, რომ პრეზიდენტ მაკრონის პოზიცია რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით, უკრაინაში ვითარების გაუმჯობესებაზე იქნება დამოკიდებული.

დიდი შვიდეულის დანარჩენი სახელმწიფოების, იაპონიისა და კანადის ლიდერების საკუთარი აზრი აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ დაუფიქსირებიათ.

 

კომენტარები