რუსული ოკუპაცია

ბახტაძე: ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ. ოკუპაციასთან ბრძოლა არის რთული პროცესი, რომელიც პრინციპულ მიდგომებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას მოითხოვს.

ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. 

თქვა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას. ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოფელ გუგუტიანთკარში 20-21 აგვისტოს გვიან ღამით ჩავიდნენ, ესტუმრნენ აქ მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს, ასევე შეხვდნენ გუგუტიანთკარიდან გატაცებულ 8 მოქალაქეს, რომლებიც ოკუპატნებმა 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. მათი შეხვედრა ჟურნალისტებს არ გადაუღიათ, ინფორმაცია და ფოტოები პრესსამსახურმა გაავრცელა. ეს მათი პირველი ჩასვლა იყო საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი კიდევ ერთხელ გადმოწიეს, შედგად კი 2 ოჯახის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ასევე, გაიტაცეს 8 ადგილობრივი.

კომენტარები