რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

იმედი: რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. მედიის ცნობით, შესაძლოა შუბლაძემ არხის საინფორმაციო მიმართულებას, დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს.

მედია წერს, რომ ნინო შუბლაძე ამ ინფორმაციას არ უარყოფს.

შუბლაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

"ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს, ბევრ ვინმეს განვიხილავ რუსთავი ორის საინფორმაციოს უფროსად. ერთერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო შუბლაძე, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი და გეცნობებათ ამის თაობაზე. კიდევ ვისთან არის საუბარი ამას ვერ გეტყვით" - თქვა სალიამ. 

რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.  

კომენტარები