რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

მედიაკოალიცია რუსთავი 2-ზე: სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე მოლოდინი გამართლდა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ გამართლდა ის მოლოდინი, რომელიც ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით არსებობდა. 

"ტელეკომპანიის თანამშრომლები დირექტორის შეცვლის შემდგომ საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით შექმნოდათ. დღეს კი ეს მოლოდინი გამართლდა"- წერია განცხდებაში

კოალიცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა გათავისუფლებით იწყება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. მათივე თქმით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საჯარო რეეტრში 2019 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა განცხადება რუსთავი 2-ში პროფესიული კავშირების შექმნის თაობაზე, რომლის ერთ-ერთ დირექტორადაც არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე იყო მითითებული.

"კოალიციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან, აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვაკვირდებით "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ ჟურნალისტთა შრომითი უფლებები"- წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია. 

კომენტარები