რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: გადავწყვიტე, R2 არ გაკოტრდეს, გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას

ipress.ge

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსსდა შესაძლებლობას" - რუსთავი ორის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის ყიდვის რეალური მსურველი არ გამოჩნდა. მისივე თქმით, გააგრძელებს დავას ნიკა გვარამიასთან, რადგან "შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა". ხალვაშის თქმით, "ტელეკომპანიის გაჯანსაღებისათვის" უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვრე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გასხვისებასთან დაკავშირებით.

როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა "რუსთავი2". დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართულიდა წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წინაშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა.

ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსსდა შესაძლებლობას.

რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს.

მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს.

ამასთან ერთად ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა სირთულეს დავძლევთ.

ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნის ნდობა - იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი.

ამავე დროს, გავაგრძელებ სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოსმისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთლიდღეობას მოხმარდება.

დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი2" უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.

კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს" - აცხადებს ხალვაში.

რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა 12 აგვისტოს თქვა, რომ რუსთავი 2-ს ყიდის და ამისთვის "ერთკვირიანი გამჭვირვალე კონკურსი" გამოაცხადა. იქამდე, რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ტელეკომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მას რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებას და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვას ედავებიან. გვარამიას რუსთავი ორის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 40 000 ლარი შეეფარდა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე. R2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი "5 ლარის გადახდასაც" არ აპირებს. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, "1 თეთრიც კი" არ ჩარიცხონ მისი გირაოს ანგარიშზე, "რადგან ეს ჩემთვის ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა".

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები