რუსული ოკუპაცია

აშშ-ის პრესის ატაშე: არ შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას

"დღეს გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას" - აშშ-ის პრესის და ინფორმაციის ატაშეს, კრის დევენპორტის ამ კომენტარს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. დევენპორტი გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 16 აგვისტოს უიმყოფებოდა.

"ეს სოფელი გუგუტიანთკარია. აქაურობა სავსეა ულამაზესი ხილის ბაღჩებითა და გასაოცარი ხალხით. დღეს განსაკუთრებით გულსატკენი იყო იმის ხილვა, როგორ ითვისებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ხალხის მიწებსა და სახლს, მათ ხომ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრება სურთ. ამ ადამიანებს ართმევენ მთელი ცხოვრების მონაგარს და საზოგადოებას ორად ყოფენ. ამის ფონზე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუგუტიანთკარელების მტკიცე გზავნილების მოსმენა ერთობასა და საქართველოს კეთილდღეობაზე" - თქვა დევეპორტმა.

რამდენიმე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი განაახლეს. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. 16 აგვისტოს, TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ერთერთ ოჯახს ერთი თვის ვადაში ახალ სახლს აუშენებს.

კომენტარები