რუსული ოკუპაცია

საგარეო: გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟის განახლების გამო შეშფოთებას გამოვხატავთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპანტების მიერ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განახლებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. 

უწყების თქმით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

მათივე ცნობით, ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული უკანონო პროცესის შეჩერების მიზნით.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით"- აცხადებენ უწყებაში. 

ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი, დღეს, 14 აგვისტოს განაახლეს. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული"- აცხადებენ სუს-ში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. 

კომენტარები