პროტესტი

ჩენოვეთის კვლევა: მოსახლეობის 3.5%-ის მხარდაჭერა და არაძალადობრივი აქციების წარმატება

ჰონგ-კონგი
NYPost

ჰარვარდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგის ერიკა ჩენოვეთის კვლევით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებისთვის საჭიროა მოსახლეობის 3.5%, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებს მონაწილობას. 

გასულ საუკუნეში ასობით კამპანიის მაგალითით, ჩენოვეთმა ისიც დაადგინა, რომ არაძალადობრივი კამპანიით მიზნების მიღწევა ორჯერ უფრო მეტად არის შესაძლებელი, ვიდრე ძალადობრივი პროტესტით. 

2000-იანების დასაწყისში მაშინ, როდესაც ჩენოვეთმა აღნიშნული საკითხის კვლევა დაიწყო თავად ცინიკურად უყურებდა მოსაზრებას, რომ უმეტეს შემთხვევაში არაძალადობრივი კამპანია ძალადობრივ ქმედებებზე მეტად ეფექტური შეიძლებოდა ყოფილიყო. მან აღმოაჩინა, რომ მშვიდობიანი და არამშვიდობიანი პროტესტის წარმატება ყოვლისმომცველად ამ დრომდე არავის ჰქონდა შედარებული. 

არაძალადობრივი კონფლიქტის საერთაშორისო ცენტის მკვლევართან მარია სტეფანთან ერთად მან 1900-დან 2006 წლამდე მომხდარი სამოქალაქო მოძრაობები შეისწავლა. მოძრაობა წარმატებულად ითვლებოდა, თუ მასში ჩართულობის პიკიდან ერთი წლის მანძილზე ან მყისიერი შედეგით სრულიად აღწევდა თავის მიზანს. 

საგარეო სამხედრო ინტერვენციის შედეგად რეჟიმის ცვლილება წარმატებად არ ითვლებოდა. კამპანია ძალადობრივი იმ შემთხვევაში იყო თუ მისი მიმდინარეობისას ხდებოდა აფეთქებები, იტაცებდნენ ადამიანებს, ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას ან ადამიანებს ან საკუთრებას სხვა სახის ზიანს აყენებდნენ.

საბოლოოდ, 323 ძალადობრივი და არაძალადობრივი კამპანია გამოიკვლიეს, რომლის შედეგები წიგნში "რატომ მუშაობს სამოქალაქო წინააღმდეგობა - არაძალადობრივი კონფლიქტის სტრატეგიული ლოგიკა" დაწერეს. კვლევის ინფორმაციით, მშვიდობიანი პროტესტის 53%, ხოლო არამშვიდობიანი შეწინააღმდეგების 26% პოლიტიკური ცვლილებით დასრულდა.

არამშვიდობიან პროტესტთან შედარებით, მშვიდობიან კამპანიაში 4-ჯერ მეტი ადამიანი ერთვებოდა - ძალადობრივ კამპანიებში, საშუალოდ, 50 000, ხოლო არაძალადობრივ პროტესტში 200 000 ადამიანი.

"ყველა კამპანია, რომლის ყველაზე დიდ ღონისძიებაში მოსახლეობის 3.5%-მა მიიღო მონაწილეობა, წარმატებით დასრულდა," - ამბობს ჩენოვეთი ფენომენზე, რასაც მან "3.5%-ის წესი" უწოდა. ესტონეთში სიმღერის რევოლუციისა და საქართველოში ვარდების რევოლუციის გარდა ყველამ 3.5%-იან ბარიერს მიაღწია.

25 ყველაზე ფართო კამპანიიდან 20 არაძალადობრივი იყო, ხოლო 14-მა წარმატებას მიაღწია. 

ეს ტრენდი დროსთან ერთად უფრო იზრდება - მშვიდობიანი აქციები უფრო პოპულარული და წარმატებული, ხოლო ძალადობრივი პროტესტი უფრო იშვიათი და წარუმატებელი ხდება.

1960 წლიდან 2006 წლამდე მშვიდობიანმა კამპანიებმა უფრო მეტ შემთვევაში მიაღწიეს წარმატებას, ვიდრე ძალადობრივმა შეწინააღდეგებამ - 1960-69 წლებში არაძალადობრივი კამპანიების 40%-ზე მეტი წარმატებით დასრულდა, 1970-79 წლებში - თითქმის 60%, 1980-99 წლებში, დაახლოებით, 50%, 2000-06 წლებში კი 70%. 1960-69 წლებში არამშვიდობიანი აქციების, თითქმის 25% წარმატებით დასრულდა, 1970-89 წლებში ეს რიცხვი 40%-ზე ნაკლები და 1990-99 წლებში 25% იყო, ხოლო 2000-06 წლებში, დაახლოებით, 10%.

ჯამში, მშვიდობიანი პროტესტი მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე ძალადობრივი - მშვიდობიანი პროტესტი, სადაც რეჟიმის ცვლილებას ითხოვენ, 59%-ით წარმატებით სრულდება, 17%-ით წარუმატებლად, ხოლო 24%-ით ნაწილობრივი წარმატებით. ძალადობრივი პროტესტის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი 27% არის, წარუმატებლობის 61%, ხოლო ნაწილობრივი წარმატების - 12%.

რეგიონების მიხედვით, ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნების 80%-მა წარმატებას მშვიდობიანი კამპანიით, ხოლო 10%-ზე ნაკლებმა არამშვიდობიანი კამპანიით მიაღწია; ამერიკაში წარმატებით დასრულდა 80%-ზე მეტი არაძალადობრივი და 25-ზე ნაკლები ძალადობრივი კამპანია; აფრიკაში წარმატებული კამპანიის - 55% მშვიდობიანი და 35% არამშვიდობიანი იყო; ევროპაში - თითქმის 50% მშვიდობიანი და 20%-ზე მეტი წარმატებული არამშვიდობიანი პროტესტი იყო; ახლო აზიაში 40% მშვიდობიანი და 10%-ზე მეტი არამშვიდობიანი, ხოლო აზიაში, დაახლოებით, 30% არაძალადობრივი და დაახლოებით, 25% ძალადობრივი.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმატებული მშვიდობიანი კამპანიის დასრულებიდან 5 წლის შემდეგ 55% ალბათობით ქვეყანა დემოკრატიული იქნება, წარუმატებლობის შემთხევაში ალბათობა 35% არის. ძალადობრივი კამპანიის წარმატებულად ან წარუმატებლად დასრულების შემდეგ დემოკრატიის განვითარების შანსი 5% ან ნაკლებია.

ფილიპინებში მაკოს რეჟიმის საწინააღმდეგო კამპანიაში 2 მლნ ადამიანი ჩაერთო, 1984-85 წლის ბრაზილიის აჯანყებაში - 1 მლნ, ხოლო 1989 წელს ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვან რევოლუციაში - 500 000.

არაძალადობრივი კამპანიების წარმატების მიზეზი მეტი ადამიანის ჩართულობაა, რასაც ნორმალური ურბანული ცხოვრების პარალიზება და საზოგადოების ფუნქციონირება შეჩერება შეუძლია. ძალადობრივ აქციებში კი არ მონაწილეობენ ადამიანები, ვისაც სისხლისღვრის ეშინიათ. 

მშვიდობიანი აქციის ღიად განხილვა არის შესაძლებელი, რაც უფრო ფართო აუდიტორიამდე აღწევს, ხოლო ძალადობრივი პროტესტი, რომელიც მოიცავს იარაღის მიწოდებას, საიდუმლო მიწისქვეშა ოპერაციებს და სხვ. - ეს ყველაფერი ბევრ ადამიანამდე ვერ აღწევს. 

მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის გამო, არაძალადობრივ კამპანიაში პოლიციისა და სამხედრო ძალის მომიტინგეთა მხარეს გადასვლის უფრო დიდი ალბათობაა, ვიდრე ძალადობრივ პროტესტში. ჩენოვეთის აზრით, აქციაში, სადაც მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას, სამართალდამცავებს შეიძლება შეეშინდეთ იმის, რომ მათი ოჯახის წევრები ან მეგობრებიც შეიძლება იქ იყვნენ ან დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგად ხვდებიან რომ "გემი იძირება და მასთან ერთად ჩაძირვა არ სურთ."

ასევე, მშვიდობიან აქციებში მონაწილეებისთვის უფრო ნაკლები ფიზიკური ბარიერი იქმნება - ჯანმრთელობა და ფორმაში ყოფნა არ არის საჭირო იმისთვის რომ, რომ გაფიცვაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ავტორმა ისიც აღნიშნა, რომ არაძალადობრივ პროტესტიც, შესაძლოა, სერიოზული რისკის მატარებელი იყოს, მაგალითად, 1989 წელს ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან თიანანმენის მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დარბევა.

დანარჩენ 47%-ის მშვიდობიანი პროტესტის წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს ხალხისგან არასაკმარისი მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ჯერჯერობით შეურყეველი ძალაუფლება ან რეპრესიების ფონზე საკმარისი გამძლეობის ვერ გამოჩენა. 

"1986 წელს მილიონობით ფილიპინელმა მშვიდობიანი პროტესტით მანილას ქუჩები დაიკავა. მეოთხე დღეს მარკოს რეჟიმი დაეცა. 2003 წელს ქართველმა ხალხმა უსისხლო ვარდების რევოლუციით ედუარდ შევარდნაძე ჩამოაგდო, როდესაც მომიტინგეები ვარდებით ხელში პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამ წლის დასაწყისში მშვიდობიანი კამპანიების წყალობით სუდანისა და ალჟირის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ათწლეულების მმართველობის შემდეგ ისინი თანამდებობიდან გადადგებოდნენ. ყველა ამ შემთხვევაში საზოგადოების რიგითი წევრების მხრიდან სამოქალაქო წინააღმდეგობამ პოლიტიკურ ელიტაზე გაიმარჯვა და რადიკალურ ცვლილებებს მიაღწია," - წერს ჟურნალისტი დევიდ რობსონი ჩენოვეთის წიგნზე. 

ჩენოვეთის წიგნი პირველად 2011 წელს გამოქვეყნდა. კვლევა ისტორიის არაერთი გავლენიანი ფიგურის ნააზრევს ეყრდნობა - აფრო-ამერიკელი აბოლიციონისტი სოჯოურნერ თრუსი; ქალთა ხმის უფლებისთვის მებრძოლი აქტივისტი სიუზენ ენტონი; ინდოეთის დამოუკიდებლობის კამპანიის ლიდერი მაჰათმა განდი; აშშ-ის სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი. ყველა ზემოთთქმული პირი მშვიდობიან პროტესტს უჭერდა მხარს. 

კომენტარები