ყინწვისის მონასტერი

თუ მემკვიდრეობის სააგენტო შსს-ს არ მიმართავს, მეტლახის დაგებაზე გამოძიება არ დაიწყება

თუ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიმართავს, ყინწვისის მონასტერში მეტლახის დაგებაზე გამოძიება არ დაიწყება. ტაბულა ცდილობს გაარკვიოს, აპირებს თუ არა სააგენტო შსს-სთვის მიმართვას.

გამოძიებას არ დაიწყებს არც პროკურატურა - უწყებაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე გამოძიების დაწყება მათი კომპეტენცია არ არის.

ყინწვისის ღვთისმშობლის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მტკიცებით, სამუშაოები მათთან და საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან შეუთანხმებლად წარიმართა. სააგენტო გავრცელებულ 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მეტლახის დაგებას "ადგილობრივი სასულიერო პირების თვითნებობად და უკანონობად" აფასებს. მათი განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან.   

"უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრივ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა არ დაუშვეს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან"- აცხადებს სააგენტო და აღნიშნავს, რომ "ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟს და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს".

მათივე ცნობით, ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა. საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მათთვის არ იყო ცნობილი ყინწვისში მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

"არ ყოფილა შეთანხმებული და შევიტყვეთ, როცა უკვე ფაქტი მომხდარი იყო" - აღნიშნავს ჯაღმაიძე ინტერპრესნიუსთან.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. მას მეუფე იობი განაგებს. 

კომენტარები