აგვისტოს ომი

რუსეთის საელჩო აშშ-ში აგვისტოს ომზე სახ. დეპ.-ის განცხადებაზე: აშშ ისტორიიდან ვერ სწავლობს

Wikipedia

აშშ-ში რუსეთის ფედერაციის საელჩო აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება. 

საელჩოს განცხადება 11 წლის წინანდელი ომის ისტორიის გადაწერისა და ქართული მხარის დადანაშაულების კიდევ ერთი მცდელობაა. ამასთან, საელჩო მიიჩნევს, რომ აშშ-ის საგარეო უწყება თავის შეფასებებში რუსოფობიულია. 

"ქართული აგრესიის წლისთავზე სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთა მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. ვაშინგტონი შორს არის იმისგან, რომ სთხოვოს თავის პროტეჟეებს თბილისში, გამოავლინონ პოლიტიკური ნება და პასუხისმგებლობა აიღონ სამხრეთ ოსეთში რუს სამშვიდობოებსა და მძინარე მოქალაქეებზე თავდასხმაზე. ამის ნაცვლად, აშშ-ის საგარეო უწყება აგრძელებს რუსეთის დადანაშაულებას თავის ტრადიციულ პოლიტიზირებულ და რუსოფობიულ სტილში," - წერია განცხადებაში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად, საელჩოს განცხადებაშიც წერია, რომ აშშ-მ გაკვეთილი ვერ ისწავლა. 

"ჩვენ გვსურს, შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩვენმა ქვეყანამ იხსნა ცხინვალი გენოციდისგან. შეგვიძლია, ამერიკულ მხარეს იმ მოვლენების ნამდვილი ქრონოლოგია მივაწოდოთ. ამასთან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, აშშ ისტორიიდან ვერ სწავლობს და ქართველი პროტეჟეების დანაშაულებებზე თვალს იბრმავებს. დაუსჯელობის განცდაა ის, რაც ასეთი ტრაგიკულ მოვლენებს ხელს უწყობს. 

იმედი გვაქვს, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის მსგავს პრაქტიკაზე და თავის "მეგობრებს" ნამდვილ დემოკრატიულ მიდგომას აჩვენებს თავისივე მაგალითზე,"- წერია საელჩოს განცხადებაში. 

9 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი არ შეწყვეტს მუშაობას, სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ შეწყვეტს. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები