აგვისტოს ომი

МИД აგვისტოს ომზე: ვერც თბილისმა და ვერც დასავლეთმა გაკვეთილი ვერ ისწავლა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. განცხადების პირველი ნაწილი პროპაგანდასა და ტყუილზეა აგებული და ომის ისტორიის გადაწერის მცდელობაა, სადაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ ქართული მხარე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს თავს დაესხა, რის შედეგადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

განცხადების მომდევნო, საკმაოდ ვრცელი ნაწილი იმას ეთმობა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და რუსეთი მათ, უბრალოდ, ეხმარება ფინანსურად. 

"ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აფხაზეთიც და სახმრეთ ოსეთიც სუვერენულ სახელმწიფოებად შედგნენ. ორივე რესპუბლიკას გააჩნია სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი... რუსეთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა ამიერკავკასიურ რესპუბლიკებთან, უწევს მას მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების ფარგლებში. რუსეთის პოლიტიკას აბსოლუტურად გამჭვირვალე ხასიათი აქვს და ფოკუსირებულია პარტნიორებს შორის ორმაგი კავშირის განვითარებაზე, გამაგრებასა და ურთიერთგაგებაზე,"- წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადების ბოლო ნაწილში რუსეთის ფედერაცია მთავარ სათქმელამდე მიდის და საქართველოსა და დასავლეთს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ "ანტირუსული ისტერია" და რომ თუკი საქართველოს NATO-სკენ სწრაფვა გაგრძელდება, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ დაისადგურებს. 

"მწუხარებას იწვევს ის, რომ ვერც საქართველოში და ვერც დასავლეთში კვლავ ვერ შეძლეს 2008 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან გაკვეთილის სწავლა. ნაცვლად იმისა, რომ ჩაიდოს ძალისხმევა, რომ გადაილახოს წარსულის ტვირთი, ხელი შეუწყონ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ოფიციალური თბილისი და მისი აქტიურად მხარდამჭერი დასავლური დედაქალაქები კვლავ აღვივებენ ანტირუსულ ისტერიას, რეგიონს შეიარაღებით ავსებენ და უცერემონიოდ ითრევენ საქართველოს ნატოში. ეს ყველაფერი ჩიხისკენ გზაა, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დააახლოებს რეგიონს მშვიდობასთან, სტაბილურობასთან და უსაფრთხოებასთან.

ყველა მხრიდან რუსეთი დებს და კვლავ გააგრძელებს ძალისხმევის ჩადებას იმისთის, რომ ერთი მხრივ საქართველოს და მეორე მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის აღდგეს დიალოგი და სრულყოფილი მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, რომ პირველი ნაბიჯი ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებაზე ორმხრივი ხელმოწერაა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ სახელმწიფოს და ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აღიაროს რეალობა, რომელიც ამიერკავკასიაში დალაგდა,"- წერს რუსეთის საგარეო უწყება. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები