ნარკოტიკების შეძენა-შენახვა

709 აბი MDMA, 93 აბი სუბუტექსი, 86 აბი სუბოქსინი, "ბიო" და სხვა - შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 30 ივლისს, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გ.ჰ. გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერეს, როცა ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გადამოწმების პროცესში გ.ჰ.-მ საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა დააკავეს.

"პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: 709 აბი „მდმა“, 86 აბი „სუბოქსინი“, 93 აბი „სუბუტექსი“, 3 აბი „B8“, 119 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 239 გრამი ე.წ. „ბიო“, ასევე, 28,890 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება", - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები