ნარკოტიკების შეძენა-შენახვა

"ბიოს" დამზადება-შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში რუსეთის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ბ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 სამალავიდან რეალიზაციისთვის გამზადებული 14 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. "ბიო" ამოიღეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 5 შეკვრა ე.წ. "ბიო" ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რუკა, ლოკაციების მითითებით.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები