მორის მაჩალიკაშვილის საქმე

EMC მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე: ეს შესაძლოა მაჩალიკაშვილის ბრძოლაზე გავლენის იარაღია

IPN

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე პირველად სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

EMC-ის თქმით, ამ ეტაპზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მით უფრო, თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს ვერ ქმნის.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით პროკურატურა იმგვარ მტკიცებულებებს უნდა ფლობდეს, რომლებიც პირის განზრახვას იყოს ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, თავს დაესხას სამართალდამცველებს და თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყოს ჯგუფურ მოქმედებებს აშკარად აჩვენებს.

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  1. ერთ ვიდეო ჩანაწერს
  2. პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ ე. წ. პატაკს;
  3. პოტენციურ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს

EMC-მ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებს დეტალურად განიხილა.

ვიდეო ჩანაწერი

არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილია პარლამენტის წინ, აქციაზე მყოფი მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მის ბიძასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად იმყოფება და ვიდეო ჩანაწერიდანვე მარტივად აღიქმება, რომ ის მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდში ყოფნას ცდილობს და რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ გააჩნია. ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია, როგორ ცდილობს მორის მაჩალიკაშვილი ბიძამისი გამოიყვანოს პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიიდან იქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. ამ მდგომარეობაში მოყოლილი მალხაზ მაჩალიკაშვილი ცუდად ხდება და ის აქციის მონაწილეების და მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ადგილიდან, ხალხის მასიდან გამოყავთ. მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოყვანის მომენტში მორის მაჩალიკაშვილი ხვდება აქციის მონაწილეების ალყაში, მას გადაადგილების შესაძლებლობა აღარ ეძლევა და ინსტიქტურად ხელს იქნევს, რომელიც პოლიციის თანამშრომლის ფარს ხვდება. ამ მომენტში მორის მაჩალიკაშვილს იმდენად ძლიერად აწვებიან უკნიდან, რომ ის პოლიციელის ფარს სახით ეკვრის, თუმცა დაახლოებით სამ წამში ის დაბლა იხრება და ცდილობს გამოძვრეს ამ ჯგუფიდან, რასაც ახერხებს და ამის შემდგომ მორის მაჩალიკაშვილი ვიდეო ჩანაწერში აღარ ფიქსირდება.

მორის მაჩალიკაშვილის ეპიზოდი ვიდეო ჩანაწერში დაახლოებით 4 წუთამდე გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში ის რაიმე განზრახვას იყოს ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, გაარღვიოს პოლიციის კორდონი და შეიჭრას პარლამენტში არ ამჟღავნებს. მის ქმედებაში ინტენსიური, მიზანმიმართული, შეტევითი და ძალადობრივი მოქმედება არ ჩანს. იგი ცდილობს, არ მოშორდეს ბიძამისს, უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოება და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერიტორიის დატოვებისთანავე თავადაც ტოვებს ადგილს.

პოლიციის თანამშრომლის პატაკი

EMC აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებულია შსს თანამშრომლის მიერ 2019 წლის 25 ივლისს, დაკავებამდე ერთი დღით ადრე შედგენილი ე. წ. პატაკი. ის ხელმძღვანელ პირს ატყობინებს, რომ შემოსული ინფორმაციის თანახმად მისთვის ცნობილი გახდა, რომ მორისი მაჩალიკაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებაში და სთხოვს რეაგირებას. შსს თანამშრომლის მიერ შედგენილი პატაკი მითითებას ინფორმაციის წყაროსა და მორისი მაჩალიკაშვილის მხრიდან განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებაზე არ შეიცავს. ეს ინფორმაცია არც საქმის სხვა მასალებში არ ფიქსირდება.

EMC ამბობს, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შსს-ს თანამშრომლების მიერ მიღებული ინფორმაციის წყაროდ განიხილება ე.წ. კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (ოპერატიული ინფორმაცია). კონფიდენტის ვინაობასა და მისგან ინფორმაციის მიწოდების პროცესზე სასამართლო კონტროლი არ ხდება. კონფიდენტის დაკითხვა სასამართლოში დაუშვებელია და არ არსებობს იმის შემოწმების შესაძლებლობა, ამგვარი პირი მართლა არსებობს თუ არა და რეალურად აწვდის თუ არა შსს-ს თანამშრომელს პატაკში მითითებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ ინფორმაციის მტკიცებულებითი მნიშვნელობა სათუოა, იგი თავისი ხარისხით ირიბ მტკიცებულებასაც კი ვერ უტოლდება, რადგან თუ ირიბი მტკიცებულების შემთხვევაში ინფორმაციის პირველწყაროსთან გადამოწმება შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მსგავს შესაძლებლობა არ არსებობს. პოლიციის თანამშრომლის პატაკი წარმოადგენს მექანიზმს, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს შეუძლია შექმნას მტკიცებულება, რომლის სარწმუნოობის შემოწმება სასამართლოსთვისაც შეუძლებელი იქნება.

მორისი მაჩალიკაშვილის შემთხვევაში ამგვარი პატაკი დაკავების წინა დღეს არის შედგენილი და საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე ინფორმაცია, რაც მის დანაშაულებრივ ქმედებაზე მიუთითებს.

პოტენციურ მოწმეთა მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია

EMC-ის ინფორმაციით, საქმის მასალებში სხვადასხვა პირის გამოკითხვის ოქმებია მოთავსებული. ისინი აღნიშნავენ, რომ მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, მათი მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მსგავსია და რაიმე კონკრეტულ მითითებას მორის მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ არ შეიცავს.

გამოკითხული პირები პარლამენტის წინ არსებულ მდგომარეობას მხოლოდ ზოგადად აღწერენ და უთითებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ ძალადობდა, თუმცა, საქმეში არსებულ პირთა გამოკითხვის არცერთ ოქმში, კონკრეტულად მორისი მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა თუ არა ძალადობრივ ქმედებებში, რომელ სამართალდამცავს დაარტყა ხელი მან და ზოგადად რა სახის მოქმედებებში იყო ჩართული, არ არის მოხსენიებული.
_____________________________________________________________________________________

EMC-ის შეფასებით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა. კერძოდ, წარმოდგენელი მტკიცებულებები არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილს პოლიციის მიმართ ძალადობის განზრახვა გააჩნდა და ამ მიზნით ის თავდასხმით, შემტევ, განმეორებით და ინტენსიურ ძალადობას ახორციელებდა. საქმის ძირითადი და ერთადერთი მტკიცებულება, ადგილზე ჩაწერილი ვიდეო მასალის სახით, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ის მისი ბიძის გვერდში ყოფნას ცდილობს, არსებითად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიციასა და შეკრების სხვა მონაწილეების მასებს შორის მიწოლის დროს ჭყლეტის მდგომარეობაში ვარდება, რა დროსაც ის ჭყლეტისგან თავის დასაღწევად ხელს იქნევს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ხვდება პოლიციის ფარს. ვიდეო მასალაში არ ჩანს, მისი მხრიდან კორდონის გარღვევისა და შეტევის, პოლიციის მიმართ ძალადობის, მისი ეკიპირების წართმევის, ან თავდაცვის მიზნით აქტიური მოგერიების მცდელობაც კი. 

EMC-ის თქმით, ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პირობებში ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ მისი დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტზე და ბრძოლაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს.

არასამთავრობო ამბობს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპეტენციის თვითნებური გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას წარმოადგენს, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად აზიანებს და მათ ინსტიტუციურ რღვევას იწვევს.

"განსაკუთრებით პრობლემურია ამგვარი მეთოდების გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ, რომელმაც სწორედ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამო, უმძიმესი ტრაგედია და დეჰუმანიზების მძიმე გამოცდილება გამოიარა. 

EMC მოუწოდებს პროკურატურას მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა გაიაზროს და კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს. არსებითია პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეების გამოძიების პროცესში მისი საქმიანობის პოლიტიზება და სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა არ დაუშვას.

EMC ასევე მოუწოდებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე მხედველობაში მიიღოს და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პატიმრობის თვითნებური, დაუსაბუთებელი და შაბლონური გამოყენება მის მიმართ არ დაუშვას",- ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

_________________________________________________________________________________

მალხაზ მაჩლიკაშვილის ძმის შვილი, მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფებოდა, 26 ივლისს კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საგამოძიებო ორგანო მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

პროკურატურის თქმით, მორის მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის წინ და სხვა პირებთან ერთად ძალადობდა პოლიციელებზე, ურტყამდა მათ და მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში.

კომენტარები