რუსთავი 2-ის საქმე

სალია ხალვაშის შეთავაზებაზე: ეს არ არის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება

პაატა სალია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, რომელზეც რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარის თქმის საფუძველი განმარტეს

სალიამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაშის შეთავაზება იყო მისი კეთილი ნება და არა ვალდებულება. 

“2015 წელს განიხილებოდა, რომ ქიბარ ხალვაში მზად იყო დაეთმო 50%, თუმცა ამ საუბრებს მიღმა იყო ბევრ დისკუსია და 2 დღის წინ შეხვედრაზე ორივე მხარის მიერ ითქვა, რომ წარსულისთვის თავი დაგვენებებინა, რადგან რეალურ შეთანხმებამდე ჩვენ ვერ მივედით და ითქვა, რომ ურთიერთობა ამ ნაწილში სუფთა ფურცლიდან დაგვეწყო. ქიბარ ხალვაშმა მათ 40% შესთავაზა, კონრტოლის ბევრი მექანიზმი არსებობს და 40%-ის მფლობელს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს. ქიბარ ხალვაშმა, რომელიც სამართლებრივად, ყველანაირი პროცედურის დაცვით, თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით შემდეგ დარეგისტრირდა მესაკუთრედ, გამოიჩინა კეთილი ნება, ქიბარ ხალვაშს არ აქვს არანაირი ვალდებულება, თუნდაც 1% დაუთმოს ვინმეს და ეს ძალიან კარგად იციან მათაც და ამბობენ კიდეც, რომ ეს არ არის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება",- თქვა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

30 ივლისს, რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წილის 40% შესთავაზა. 

ამის შესახებ ხალვაშმა რუსთავი 2-ის დამფუძნებლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ამ შეთავაზების შემდეგ დვალსა და აქიმიძეს ბედნიერება ვერ შეატყო და მათგან სხვა შეთავაზება მიიღო. 

დღეს დვალმა და აქიმიძემ განაცხადეს, რომ ხალვაშის შეთავაზება, გახდნენ 40%-იანი წილის მფლობელები, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამ საქმეზე "ხელებს იბანს, საზოგადოებას კი სამართლიანობის აღდგენის ილუზიას უქმნის".

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს, თუმცა დვალის თქმით, მას არავინ შეხმიანებია. ამ განცხადების შემდეგ მას ქიბარ ხალვაში დაუკავშირდა და მხაარებს შორის შეხვედრა დაიგეგმა. 

კომენტარები