რუსთავი 2-ის საქმე

დვალი და აქიმიძე: "ოცნება" ისტორიაში შევა, როგორც რ2-ის მიმტაცებელი მეორე ხელისუფლება

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი
Rustavi2

ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადებით, ისინი არ აპირებენ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას რუსთავი 2-ის კვლავ სახელისუფლო არხად გადაკეთების პროცესში.

მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით თავიანთი განცხადება წაიკითხეს.

დვალი და აქიმიძე აღნიშნავენ, რომ ხალვაშის შეთავაზება, გახდნენ 40%-იანი წილის მფლობელები, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამ საქმეზე "ხელებს იბანს, საზოგადოებას კი სამართლიანობის აღდგენის ილუზიას უქმნის".

მათივე თქმით, ქართული ოცნება ისტორიაში შევა, როგორც რუსთავი 2-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება. 

"2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული ქართული ოცნების ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის რუსთავი 2-ის 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია.

ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულებად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული.

ბოლოდროინდელი შეთავაზების მიღება კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას.

ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით.
ჩვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მეშვიდე წელს, ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო ტროლების და ბოტების არნახული გააქტიურების გზით აბსურდულ ბრალდებებს გაგვივრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურებად გამოგვაცხადებდა, რადგან არ ვიღებთ „დიდსულოვნად“ ნაბოძებ საჩუქარს.

სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას რუსთავი 2-ის კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს რუსთავი 2-ის უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. ქართული ოცნება ისტორიაში შევა, როგორც რუსთავი 2-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

ჩვენი მიზანია წართმეული უფლების აღდგენა სამართლებლივი გზით და არა კულუარული გარიგების შედეგად. სახელმწიფო ჩვენ მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდნენ.

შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დაფუძნებლებისთვის დაბრუნება.

ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა რუსთავი 2-მა დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია,"- წერია  განცხადებაში.

30 ივლისს, რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წილის 40% შესთავაზა. 

ამის შესახებ ხალვაშმა რუსთავი 2-ის დამფუძნებლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ამ შეთავაზების შემდეგ დვალსა და აქიმიძეს ბედნიერება ვერ შეატყო და მათგან სხვა შეთავაზება მიიღო. 

"მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები. შევთავაზე რუსთავი 2-ის 40%, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება, საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც რაღაც წინადადება მითხრეს, რომელიც საფიქრალია ჩემი მხრიდან, მოვიფიქრებ. კონკრეტულად არაფერს ვიტყვი. ფიქრის საშუალებას ზღუდავს კონკრეტიკა, მერე ვიტყვი. 

ჩემს შეთავაზებაზე მათი პასუხი იყო, რომ ისინი ამ შეთავაზებას არ იღებენ და თუ რამე სხვა კონკრეტული შეთავაზება გექნება, შემოვივლით და გეტყვითო,"- უთხრა ხალვაშმა ჟურნალისტებს. 

ხალვაშის თქმით, მოლაპარაკებები მასა და რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს შორის გაგრძელდება. 

"მე ერთ რამეს გეტყვით, რა. დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი ადამიანები. აბსოლუტურად კონსტრუქციული. ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს. ამიტომ, შეხვედრები გაგრძელდება. შეიძლება, ბევრჯერ შევხვდეთ,"- ამბობს ხალვაში. 

კითხვაზე, 40%-ის შემთხვევაში გენერალური დირექტორი მაინც პაატა სალია იქნება, თუ არა, ხალვაში პასუხობს, რომ გენერალური დირექტორი 50%-იც რომ შესთავაზოს, მაინც პაატა სალია იქნება. 

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს, თუმცა დვალის თქმით, მას არავინ შეხმიანებია. ამ განცხადების შემდეგ მას ქიბარ ხალვაში დაუკავშირდა და მხაარებს შორის შეხვედრა დაიგეგმა. 

კომენტარები