რუსთავი 2-ის საქმე

29 ივლისის შეხვედრა გადაიდო - ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს დღეს შეხვდება

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს დღეს შეხვდება. ზუსტი დრო და ადგილი უცნობია. ჯარჯი აქიმიძის თქმით, ის და დავით დვალი ამ შეხვედრაზე მხოლოდ ხალვაშის პოზიციას მოისმენენ.

"დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ჩვენი მხრიდან პირობა დაყენებული არ იქნება, ჩვენ პირველ რიგში მოვუსმენთ, ჩვენი ახლანდელი მეპატრონის შემოთავაზებას. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევალთ ამ ტელევიზიაში თუ არ გვექნება გარკვეული ბერკეტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ტელევიზია რეალურად იყოს ტელევიზია და ისეთი,როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია რუსთავი 2 . ჩვენი პოზიცია ასეთია - რუსთავი2 უნდა იყოს დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია,“ - ამბობს ჯარჯი აქიმიძე რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში.

ქიბარ ხალვაშისა და რუსთავი ორის დამფუძნებლების შეხვედრა გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს.

კომენტარები