თიბისი ბანკის საქმე

ევროკავშირის ელჩი TBC-ზე: მნიშვნელოვანია, რამდენიმე წლის შემდეგ აღძრული საქმე გამჭვირვალე იყოს

Youtube

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თიბისი ბანკის საქმე გამჭვირვალედ წარიმართოს. კარლო ნატალე აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპების სრულად დაცვას ელდოება.

"უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციის თაობაზე რამდენიმე წლის შემდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული.

ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული. კარგად მოქმედი მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

თიბისი ბანკთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის",- თქვა კარლო ნატალემ.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

-----

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტია. ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა "თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტი, რაც მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევაა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუქზავნა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.

კომენტარები