რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: პოზიციების გამყარების შემდეგ ივანიშვილი დაფიქრდა, რატომ არ უნდა ყოფილიყო R2 მისი

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და პოზიციები გაიმყარა, რუსთავი 2-თან დაკავშირებით თავისი პოზიცია შეიცვალა. 

კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ რუსთავი 2-ის რეალური მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იყვნენ. ამის შესახებ ვრცლად დავით დვალმა პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

შესაბამისი კითხვა მას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და "შენების" მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, დაუსვა. 

"ივანიშვილს ბოლოს 2012 წლის დასაწყისში შევხვდი, ანუ ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, როდესაც მივიღე წინადადება, მეხელმძღვანელა მე-9 არხისთვის. მაშინ ვერ შევთანხმდით და იმის მერე არანაირი კონტაქტი არასდროს არ მქონია ივანიშვილთან. შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი იყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთერთ პირველ პრესკონფერენციაზე რომ გამოაცხადა, რომ რუსთავი 2 დვალს და აქიმიძეს ეკუთვნისო და, ფაქტობრივად, ამით ისე გამოვიდა, რომ პროკურატურას მუშაობაზე მწვანე აუნთო და ზუსტად ეგ იყო, ინტენსიურად რომ იმუშავა რამდენიმე თვე პროკურატურამ.

მერე ფორმატი რატომ შეიცვალა, მე ჩემი ვერსიები მაქვს, რა თქმა უნდა. მგონია, რომ რაღაცნაირად ხელისუფლება გაიმაგრა, პოზიციები გაიმყარა და გაჩნდა ის კითხვა, რომ კი მაგრამ რატომ ვიღაც დვალს და აქიმიძეს და არა, ვთქვათ ჩემი კონტროლის ქვეშ? მე მგონი, ეს პროცესი იყო, როდესაც ალტერნატივად უცბად ქიბარ ხალვაში გაჩნდა თავისი სასამართლო დავით,"- ყვება დავით დვალი. 

დვალისვე თქმით, ამის მეტი კომუნიკაცია მას ივანიშვილთან ან მის რომელიმე შუამავალთან არ ჰქონია. 

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს, თუმცა დვალის თქმით, მას არავინ შეხმიანებია. 

კომენტარები