საქართველო - რუსეთი

რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს საქართველოს სუბსიდირებულ ფრენებს არ შესთავაზებენ

aviascope

რუსეთის ტურინდუსტრიის პრესმდივანმა ირინა ტურინამ განაცხადა, რომ რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს ერევნის გავლით საქართველოს სუბსიდირებულ სატრანზიტო ფრენების ვაუჩერს არ შესთავაზებენ, რადგან "არსებობს რეკომენდაციები, რომ საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვისგან თავი შეიკავონ". 

"რუსულ ტუროპერატორებს ურჩევნიათ, რომ საქართველოში ტურები არ გასცენ.​ ეგვიპტესთან ისტორით ვიცით, რომ ტურბიზნესს ამ ქვეყანაში პირდაპირი რეისების გარეშე ტურების გაყიდვის საშუალებას მესამე ქვეყნის გავლითაც კი არ აძლევდნენ, მაგალითად, სტამბოლიდან ან ბელორუსიიდანაც კი - ამ შემთხვევაში, ტურისტები უცხოური ავიახაზებით იმგზავრებდნენ, რომლებსაც აკრძალვა არ შეეხებოდათ", - აღნიშნა სააგენტოს თანამომხსენებელმა.

მან აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ეს ვარიანტი დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის შესაფერისი აღმოჩნდეს, რომლებიც საქართველოში ჩასვლას ერევნის გავლით გადაწყვეტენ. მისი თქმით, მაშინ, როდესაც რეკომენდაციები არსებობს, ტუროპერატორები ასეთ შეთავაზებებს არ გაყიდიან.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს ეძლევათ რეკომენდაცია აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.

საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა.

პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ფარგლებში, სახელმწიფო გააფორმებს ხელშეკრულებას ავიაკომპანიასთან, რომელიც ფრენებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან განახორციელებს. ასეთ მიმართულებებად ითვლება რუსეთი-ერევანი-თბილისი-რუსეთისა და რუსეთი-ერევანი-ბათუმი-რუსეთის რეისები.

ხელშეკრულების ფარგლებში, თითო მგზავრზე დღგ-ს გარეშე დაიხარჯება არაუმეტეს 90 ევროსი, ხოლო ჯამში, მაქსიმუმ 600 ათასი ევრო იქნება გამოყოფილი. კონტრაქტორმა კომპანიამ წლის განმავლობაში კვირაში ორი ფრენა უნდა უზრუნველყოს.

TBC ბანკის კვლევის თანახმად, 2019 წლის ივლისის მეორე ნახევარში, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები აიკრძალა, რუსეთიდან ჩამოსულთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 21.4%-ით შემცირდა. კვლევაშია აღნიშნულია, რომ პირდაპირი ფრენების აკრძალვის მიუხედავად მოგზაურების ნაწილი ახერხებს, ალტერნატიული საჰაერო გზები გამონახოს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსაფრენად.

კომენტარები