თიბისი ბანკის საქმე

აშშ-ის საელჩო TBC-ზე: შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებაზე

KCCT

"ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით," - აშშ-ის საელჩო საქართველოში, ხაზარაძისა და ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში," - წერია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

TBC-მ გუშინ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 98,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი იზარალა, რაც ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით, 350 მილიონია. სავაჭრო დღის გახსნიდან, პროკურატურის განცხადებამდე კომპანიის აქციებზე ფასი იზრდებოდა. ინფორმაციის გავრცელებიდან სავაჭრო დღის დახურვამდე, კომპანიის აქციებზე ფასი 12,7 პროცენტით შემცირდა. 15,06 სტერლინგიდან 13,14 სტერლინგამდე. კომპანიამ ჯამური კაპიტალიზაციის 11,9 პროცენტი დაკარგა.

კომენტარები