გახურებადი თამბაქო

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, გახურებად თამბაქოზე გადასახადი იტალიამაც შეამცირა

VideoBlocks

იტალიის მთავრობამ 22 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თამბაქოს ახალ პროდუქტზე (კერძოდ, გახურებად თამბაქოზე) საგადასახადო განაკვეთი შემცირდა. 

იტალია პირველი ქვეყანა არ არის, სადაც გახურებად თამბაქოსა და ელექტროსიგარეტებს ჩვეულებრივ თამბაქოზე ნაკლები საგადასახადო განაკვეთი აქვს. ბოლო წლების განმავლობაში თამბაქოს ახალი პროდუქტების გამოშვებასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებში გადასახადების შემცირების ტენდენცია მზარდია.

მაგალითისთვის, ჩეხეთსა და პოლონეთში გახურებადი თამბაქო საერთოდ არ იბეგრება, ეს მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი თამბაქო ჩეხეთში ჯამში 76.9%-ით იბეგრება, პოლონეთში კი - 79.79%-ით.

თამბაქოზე ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი დიდ ბრიტანეთს აქვს, სადაც საერთო ჯამში ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტები 91.63%-ით იბეგრება. თუმცა, ამის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გახურებად თამბაქოზე საგადასახადო განაკვეთი 24%-მდე (67.3%-ით) შეამცირა.

2018 წლის 17 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ელექტროსიგარეტების თამბაქოს ანალოგიურად რეგულირებით, სახელმწიფო ხელიდან უშვებდა შესაძლებლობას, რომ მოსახლეობის თამბაქოზე დამოკიდებულება ჩაენაცვლებინა ისეთი ალტერნატივით, რომლის ზიანიც ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით დაახლოებით 95%-ით ნაკლებია. ინგლისის პარლამენტი მაშინ სახელმწიფოსა და დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრების მიერ ჩატარებულ კვლევებს დაეყრდნო. მათ შორის, შოტლანდიის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ცენტრის (NHS Scotland), ედინბურგის სამეფო კოლეგის სამედიცინო ინსტიტუტის, დიდი ბრიტანეთის თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევების ეროვნული ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების შეფასებებს.

ჩვეულებრივ თამბაქოსთან შედარებით გახურებად და ელექტროსიგარეტებზე ნაკლები საგადასახადო განაკვეთის დაწესების ტენდენცია შეინიშნება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად: ბულგარეთი (ჩვეულებრივი - 85.09%, გახურებადი - 26%), ხორვატია (ჩვეულებრივი - 80.93%, გახურებადი - 26%), კვიპროსი (ჩვეულებრივი - 75.37%, გახურებადი - 37%), დანია (ჩვეულებრივი - 79.9%, გახურებადი - 19%), საფრანგეთი (ჩვეულებრივი - 84.08%, გახურებადი - 11%), გერმანია (ჩვეულებრივი - 72.49%, გახურებადი - 3%), საბერძნეთი (ჩვეულებრივი - 84.82%, გახურებადი - 40%), ლატვია (ჩვეულებრივი - 83.99%, გახურებადი - 20%), ლიეტუვა (ჩვეულებრივი - 79.46%, გახურებადი - 19%), ნიდერლანდები (ჩვეულებრივი - 78.97%, გახურებადი - 17%), პორტუგალია (ჩვეულებრივი - 76.49%, გახურებადი - 29%), რუმინეთი (ჩვეულებრივი - 76.97%, გახურებადი - 26%), სლოვაკეთი (ჩვეულებრივი - 77.88%, გახურებადი - 23%), სლოვენია (ჩვეულებრივი - 81.28%, გახურებადი - 24%), ესპანეთი (ჩვეულებრივი - 79.28%, გახურებადი - 5%).

საქართველოში კი გახურებადი თამბაქო ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ის თამბაქოს პროდუქტების კატეგორიაშია გაყვანილი და თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით, ზუსტად ისე რეგულირებდა, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი და, შესაბამისად, ანალოგიური აქციზური განაკვეთით იბეგრება.

კომენტარები