გახურებადი თამბაქო

FDA-მ აშშ-ში გახურებადი თამბაქოს გაყიდვა დასაშვებად ცნო

FDA

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) 30 აპრილს ფილიპ მორისის მიერ წარმოებული გახურებადი თამბაქოს, IQOS-ის გაყიდვა დაუშვა.

სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია სახელმწიფო უწყებაა, რომელიც საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების აშშ-ში გაყიდვის დასაშვებობას განიხილავს.

FDA-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ამ პროდუქტების წარმოება აშშ-ში მისაღებია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად, რადგან პროდუქტი გაცილებით ნაკლებ ტოქსინებს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

"მართალია ახალი თამბაქოს პროდუქტის ავტორიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა განხილვის პროცესმა ცხადად აჩვენა, რომ რისკებისა და ბენეფიტების გათვლით, ამ პროდუქტის გაყიდვა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მისაღებია. მათ შორის, ბენეფიტებში მოიაზრება ისიც, რომ მწეველები ჩვეულებრივ სიგარეტს ამ პროდუქტის გამოყენებით თავს დაანებებენ,"- ამბობს FDA-ის თამბაქოს პროდუქტების ცენტრის ხელმძღვანელი მიტჩ ზელერი.

ამასთან, FDA-მ პროდუქტზე ახალგაზრდებისა და არამწეველებისთვის პრევენციული სახის შეზღუდვებიც დააწესა.

ფილიპ მორისის მიერ წარმოებული გახურებადი თამბაქო IQOS არაერთ ქვეყანაში იყიდება ლეგალურად, მათ შორის - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, კანადა, დანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, იაპონია, ისრაელი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, კოლუმბია, ხორვატია, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მოლდოვა, ჩეხეთი, უკრაინა, სომხეთი, მონაკო, ანდორა, კანარის კუნძულები, კიურასაო, კვიპროსი, დომინიკელთა რესპუბლიკა, გვატემალა, ყაზახეთი, კორეა, რეიუნიონი, პალესტინა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა და ახლა უკვე აშშ. პროდუქტი ასევე ხელმისაწვდომია ზოგიერთ Duty Free მაღაზიაში.

საქართველოში IQOS ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ის თამბაქოს პროდუქტების კატეგორიაშია გაყვანილი და თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ის ზუსტად ისე რეგულირდება, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი და, შესაბამისად, ანალოგიური აქციზური განაკვეთით იბეგრება.

კომენტარები