ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრალი

ბიზნესომბუდსმენი ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე: კითხვები აქვს პროკურატურას და უნდა დაისვას

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პროკურატურის მიერ TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, მიმართ ბრალის წარდგენას ეხმაურება. 

ლექვინაძის თქმით, "მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ პროცესი პოლიტიკისგან დაცლილი იყოს". 

კითხვაზე, ჩაერთვება, თუ არა ის პროცესში და დაუჭერს თუ არა მხარს ბიზნესმენებს, როცა საქმე სასამართლოს ეტაპამდე მივა, ლექვინაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მისი კომპეტენცია სრულდება.

"ბიზნესომბუდსმენის საქმიანობას არეგულირებს კანონის საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ, სადაც დეტალურად არის გაწერილი ჩვენი უფლებამოსილება და ის მექანიზმები, რითიც ჩვენ ბიზნესს მხარს ვუჭერთ - სასამართლო განხილვები სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ის ეტაპია, სადაც ჩვენი კომპეტენცია სრულდება," - ამბობს ლექვინაძე.

ლექვინაძის თქმით, TBC ბანკის დამფუძნებლების მიერ 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები გაუჩნდა, რაც აუცილებლად უნდა დაისვას, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ამ ყველაფერს გავლენა საბანკო სექტორზე. 

"ცხადია, აღნიშნულ პროცესს გავლენა ექნება იმ სამეწარმეო საქმიანობებზე, სადაც აღნიშნული ბიზნესმენები არიან წარმოდგენილი, თუმცა კითხვები თუ არსებობს, უნდა დაისვას, პასუხებიც იქნეს გაცემული და შედეგიც მოკლე ვადაში დადგეს. შემდეგი ეტაპი სასამართლოა, სადაც ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი პოზიციები," - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურის ინფორმაციითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციით, ის პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს 17:00 საათზე მივა.

ამის პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC-ის აქციების ფასი ეცემა.

ბრალის წარდგენას წინ უძღოდა რამდენიმე კვირით ადრე, 9 ივლისს ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ის საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის და პოლიტიკაში მიდის. 

TBC ბანკის საქმე

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა.

"არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება [გიორგი გახარია], რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს წერილი მე მაქვს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს ეს ყველაფერი. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევასრულეთ. ამის მერე თქვენ იცით მოვლენების განვითარება,"- თქვა მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის მოსმენაზე. 

რას ყვება მამუკა ხაზარაძე 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესახებ, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები