იემენი

გაერო: იემენის სანაპიროსთან მიტოვებული ნავთობტანკერი შესაძლოა აფეთქდეს

SEPOO

გაეროს ანგარიშის მიხედვით იემენის სანაპიროსთან მიტოვებული ტანკერი SAFER FSO, რომელზეც 1.1 მილიონი ბარელი ნავთობია, შესაძლოა აფეთქდეს.

ტანკერიდან ნავთობის გადმოღვრის შემთხვევაში დაბინურებამ შესაძლოა ბაბ-ელ-მანდების სრუტემდე, სუეცის არხამდე და ჰორმუზის სრუტემდეც კი მიაღწიოს.

ტანკერი რა'ს ისას პორტში რამდენიმე წელია, 2015 წლის შემდეგ დგას. გაერო ტანკერის შესამოწმებლად სპეციალური გუნდის გაგზავნას აპირებდა, თუმცა შესაფერისი ნებართვა ვერ მიიღეს.

რეგიონს ჰუსიტი ამბოხებულები აკონტროლებენ და მიუხედავად იმისა, რომ გაეროს დახმარებისათის თავად მიმართებს, მათი გუნდის შეშვებას აჭიანურებენ.

იემენში კონფლიქტის დაწყებამდე ტანკერი სხვა ხომალდებზე ნავთობის გადასატვირთად გამოიყენებოდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ ნავთობით ვაჭრობა შეწყდა.

ამჟამად ტანკერის ტვირთის ფასი 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამობეხებულები გაეროსაგან ითხოვენ, რომ ნავთობის გადმოტვირთვის შემდეგ მისი გაყიდვის უფლება მიეცეთ, რაც, არსებული საერთაშორისო სანქციების პირობებში, შეუძლებელია.

ქვეყანაში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აშშ საუდის არაბეთის კოალიციას, რომელშიც კიდევ 8 არაბული ქვეყანაა გაერთიანებული მილიონობით დოლარის იარაიღით ეხმარება და იემენში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დრონებით თავდასხმებშიც მონაწილეობს.

კომენტარები