რუსთავი 2-ის საქმე

ოქრუაშვილი დვალზე და აქიმიძეზე: იძულებით დათმობაში $1 200 000-ს არავინ იხდის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის, განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ წლების წინ მათ რუსთავი 2 იძულებით დაათმობინეს. 

ოქრუაშვილი, რომელიც რუსთავი 2-ის ფლობაზე პრეტენზიას აცხადებს, ამბობს, რომ 2005 წელს მან ტელეკომპანია $1 200 000-დ შეიძინა და ეს თანხა ჯემალ ინაიშვილის შუამავლობით დვალსა და აქიმიძეს გადაუხადა. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. 

"იძულებით დათმობაში $1 200 000-ს არავინ იხდის. მაშინ, მომცენ მე ეს ფული, დამიბრუნონ და გააგრძელონ დავა. ოღონდ ედავონ ხალვაშს და არა სიტყვაზე, ოქრუაშვილს. ეროსი კიწმარიშვილი [დავით] დვალისა და [ჯარჯი] აქიმიძის თანხმობით ამ ტელევიზიას ყიდდა ჩემამდე, ყიდდა "ნიუს კორპზე", რომლის უკანაც იდგა ბადრი პატარკაციშვილი. ეროსი კიწმარიშვილს, დვალისა და აქიმიძის თანხმობით, უკვე აღებული ჰქონდა ბე-ს სახით $8 000, ერთერთი ქართველი ბიზნესმენისგან, რომელიც ბადრისთან იყო დაკავშირებული და სულზე მივუსწარი მე მათ. შევთავაზე, რომ ეს თანხა დაებრუნებინათ უკან და ჩვენ ვიყიდდით," - ყვება ოქრუაშვილი. 

ყოფილი მაღალჩინოსანი ამას იმით ხსნის, რომ რუსთავი 2 მაშინაც, ისევე, როგორც ახლა, განსაკუთრებულ ინტერესს ატარებდა. 

"ჩვენთვის რუსთავი 2 განსაკუთრებული ინტერესების მატარებელი იყო. რუსთავი 2 ბიზნესი არ არის. ისინი რუსთავი 2-ს თუ უყურებენ როგორც პამპერსების ბიზნესს, რომლითაც [ქიბარ] ხალვაში იყო ხოლმე დაკავებული, ეს ასე არ არის. რუსთავი 2 ამ ქვეყანაში იყო, არის და იქნება პოლიტიკის განმსაზღვრელი და არის თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის ციტადელი,"- ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი. 

ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს რუსთავი 2-ის წილების დაყადაღება მოსთხოვა. ადვოკატის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს სარჩელის საფუძველს 2010 წელს ბერლინში ქიბარ ხალვაშთან დადებული შეთანხმება აძლევს, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მფლობელთან აფილირებული პირი გახდა. მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ რუსთავი 2-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით. 

თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

კომენტარები