საპენსიო რეფორმა

ლარის გაუფასურებასთან ერთად საპენსიო სააგენტოში მობილიზებული თანხის ღირებულებაც მცირდება

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ 22 ივლისს ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოში ბოლო მონაცემებით მობილიზებულია დაახლოებით 285 მილიონი ლარი.

დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.88 ლარი ღირს, შესაბამისად, 285 მილიონი ლარი 98.96 მილიონი აშშ დოლარის ტოლი იქნება.

საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მაშინ ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 2.67 ლარი ღირდა. შესაბამისად, 285 მილიონი ლარი იმდროინდელი კურსით 106.74 მილიონი დოლარის ტოლი იქნებოდა.

საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხა ამჟამად განთავსებულია დეპოზიტებზე ეროვვნულ და კომერციულ ბანკებში. სარგებელი საშუალოდ 7-8%-ს შეადგენს და ამ დროისათვის, ოთხ მილიონ ლარს აღწევს.

აკუმულირებული თანხა საპენსიო სააგენტომ ინვესტიციებში უნდა დააბანდოს, რაც ჯერ არ დაუწყია, რადგანაც სტრუქტურას, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს, ჯერ არ შეუმუშავებია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

კომენტარები