რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: R2-ს ახალი მენეჯერი ეყოლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა ახირებების შესრულება არ არის

http://exclusivenews.ge

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-თან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ "სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას" და ტელევიზიისთვის ახალ მედია-მენეჯერს ეძებს. ხალვაშის თქმით, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"რამდენიმე დღე გავიდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება.

რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით, მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა.

18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა.

ასევე, მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული.

სამწუხაროდ, ჩემს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნებული ტელეკომპანიის ეთერიდან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რაც სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება. ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ და უნისონშია ჩემს მიერ გათავისუფლებული გენერალური დირექტორის განცხადებებთან. ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ეს კი დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩემს მიერ დანიშნული დირექტორი, კონსულტანტებთან ერთად, პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში ეცნობა კომპანიაში ვითარებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ურთულესია.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და უზრუნველვყოთ არხის გამართული მუშაობა.

ასეთ ვითარებაში, როდესაც, ერთის მხრივ, კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ, ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს, როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში.

მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.

მე, ბუნებრივია, საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი. 

მიმაჩნია, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ცივილიზებული მედია. ესაა ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლების პირობებში მიღწეული მიუკერძოებლობა და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე, რამაც სანდოობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება.

ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები, დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებისთვის ახალი არაა და მჯერა, რომ ამ პრინციპების დაცვით შევძლებთ ერთობლივ მუშაობას. სწორედ ამ პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას", - აღნიშნულია ხალვაშის განცხადებაში.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშია აღიარებული. მან გადაწვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება, თუმცა კომპანიაში მუშაობას ვერ გააგრძელებს ნიკა გვარამია. ხალვაშის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მისი ადვოკატი პაატა სალია გახდება. ამასთან, ხალვაშმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დაიბრუნა ტელეკომპანია. გარდა ამისა, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ მზადაა მაქსიმალურად გაითვალისწინოს რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესი.

კომენტარები