რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის თანამშრომლები: გვარამიას დირექტორობა სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების განცხადებით, არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტი ნიკა გვარამიაა. მათი თქმით, ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება "კურიერის" და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც მიუღებელია.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს.

ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცლა წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი "რუსთავი 2"-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და შესაბამისად ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული", - აღნიშნავენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები.

ამასთან, რუსთავი 2-ის წარმომადგენლების თქმით, ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გვარამიას გარდა, არ იწვევს ნდობას.

"ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია. მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა", - აღნიშნავენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, "კურიერის" ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და მათ არ მიაჩნიათ, რომ "ქათული ოცნება" იზიარებს ამ სულისკვეთებას.

"ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის ჩვენს სულისკვეთებას.

სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება "კურიერის" და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა მოუწოდეს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე ტელეკომპანია არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

"მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრიროს, გენერალური დირექტორის ცვლილება, რადგან ნიკა გვარამიას არსებული კონტრაქტი მენეჯმენტის ცვლილებას 2020 წლის ბოლომდე არ ითვალისწინებს და ეს იქნება კანონდარღვევა.

ამ ბრძოლაში ჩვენ ერთსულოვნები ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას არხის მოქმედ მენეჯმენტთან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე", - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციას იზიარებენ როგორც "კურიერის", ასევე გასართობ-შემეცნებითი გადაცემების, თოქ-შოუებისა და მუსიკალური პროექტების თანამშრომლები.

დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშია აღიარებული. მან გადაწვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება, თუმცა კომპანიაში მუშაობას ვერ გააგრძელებს ნიკა გვარამია. ხალვაშის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მისი ადვოკატი პაატა სალია გახდება. ამასთან, ხალვაშმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დაიბრუნა ტელეკომპანია. გარდა ამისა, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ მზადაა მაქსიმალურად გაითვალისწინოს რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესი.

კომენტარები