საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს რისკის კონტროლის სტრუქტურა ექნება

საპენსიო სააგენტოს ექნება სტრუქტურა, რომელიც ინვესტიციების რისკებს გააკონტროლებს.

"რისკის კონტროლი მოხდება თითოეული ტრანზაქციის დონეზე, დაითვლება ასევე პორტფელის რისკის პროფილი და შედარდება იმ რისკის ლიმიტებს, რომელიც გაწერილი იქნება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში და შესაბამისად, ეს პრინციპები იქნება მკაცრად დაცული." - ამბობს სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე პალიტრა ნიუსთან ინტერვიუში.

სურგულაძის თქმით, ამ დროისათვის, სააგენტოში აკუმულირებულია დაახლოებით 275 მილიონი ლარი. თანხსას, რომელიც საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული, სარგებლის სახით სამ მილიონ ლარზე მეტი დაირიცხა. დღეისათვის სქემაში დარეგისტრირდა 845 000-ზე მეტი მოქალაქე, აქედან კი უკვე გავიდა დაახლოებით 14%. როგორც სურგულაძე ამბობს, გასვლის უფლება 315 ათას ადამიანს ჰქონდა. გასულებში 16 პარლამენტის წევრია, მათ შორის ერთი უმრავლესობის დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

ფონდში აკუმულირებული თანხა განთავსებულია დეპოზიტებზე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში (დაახლოებით 50%-50%). სარგებელი საშუალოდ 7-8%-ს შეადგენს. დაგროვილი თანხით ინვესტიციები უნდა განხორციელდეს, რასაც სააგენტოს საინვესტიციო საბჭო წყვეტს. აქამდე ინვესტიციები იმიტომ არ განხორციელდა, რომ საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებული არ იყო. საბოლოოდ, მისი შემადგენლობა 11 ივნისს დაამტკიცა პარლამენტმა, ახლა კი საბჭომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა შეიმუშავოს, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები განხორციელდება.

კომენტარები