რუსთავი 2-ის საქმე

აქიმიძე და დვალი: ვულოცავთ ხალვაშს, სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა R2 ჩვენ დაგვიბრუნდება

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ და ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავენ. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა მხოლოდ მაშინ აღდგება, როცა რუსთავი 2 თავის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.

ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, - ნათქვამია დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებაში.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა და რუსთავი 2-ის საქმეზე არც ერთი დარღვევა არ დაადგინა. ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება და მხოლოდ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვს. ხალვაშის თქმითვე, მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა.

"ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი" - თქვა ხალვაშმა.

კომენტარები