რუსული ოკუპაცია

კარასინი: რუსეთი ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული, უვიზო რეჟიმს კვლავ განვიხილავთ

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთი კვლავ განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობას. ამის შესახებ გრეგორი კარასინმა გამოცემა Известия-ს განუცხადა.

მისი თქმით, ამისთვის საქართველოსგან გარკვეული ქმედებებია საჭირო, რომელიც მის დაინტერესებულებას გამოხატავს.

ლავროვის მოადგილე აღნიშნავს, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მზადაა მაღალი რანგის მოლაპარაკებებისთვისაც კი, თუ ქართულ მხარესაც შესაბამისი სურვილი ექნება.

კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება საღ აზრს გამოავლენს და შეასრულებენ ავიარეისების აღდგენისთვის დაწესებულ სამ პირობას. ესენია: "საქართველოში ვითარების სტაბილიზება, რუსოფობიული კამპანიის შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების არ არსებობა".

"საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი იყო და არის რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხედველობის არეში. ვფიქრობ, რომ თბილისის მხრიდან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯებით შესაძლებელია ეს თემა დაბრუნდეს დღის წესრიგში", - ამბობს კარასინი.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში უთხრეს, აცნობიერებენ ანტირუსული განწყობების კლების აუცილებლობას, რათა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს.

კომენტარები