მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში

ივანიშვილი ხაზარაძეზე: მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში უფრო კარგია

ქართული ოცნების ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება. 

მისი თქმით, საზოგადოებას მეტი არჩევანის შესაძლებობა ექნება. 

"კარგია, მივესალმები, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი და ახლგაზრდა იქნება ჩართული და შემოვა პოლიტიკაში უფრო კარგია და მე ამას მივესალმები. იმიტომ რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი",- ამბობს ივანიშვილი. 

TBC-ის დამფუძნებელი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს. ინფორმაცია ამის შესახებ ხაზარაძემ 9 ივლისს გაავრცელა.

მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა. 

"ზემოთქმულიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დავაფუძნო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება"- დაწერა ხაზარაძემ facebook-ზე

ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებას წინ TBC ბანკის გახმაურებული საქმე უძღოდა. 

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა. 

კომენტარები