საგარეო საქმეთა სამინისტრო

ზალკალიანი პუტინის მიერ ისტორიის დამახინჯებაზე: ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობაზე ჰკითხე. 

კერძოდ, ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერი ამტკიცებს, რომ საქართველომ გერმანიის დახმარებით 1918 წელს "აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა" და შემდეგ იქ "აფხაზი ხალხის გენოციდი" მოაწყო. 

პუტინის მიერ ისტორიის გაყალბების მცდელობაზე არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც რომელიმე სხვა უწყებასა, თუ ინსტიტუციას განცხადება არ გაუკეთებია. ხოლო, მინისტრმა ზალკალიანმა კი ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები არაერთხელ გვსმენია და ეს ახალი არ არის. 

"ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები და ეს არის, რა თქმა უნდა, ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რაზეც იყო საუბარი, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობილი განცხადებები და არასწორ კონტექსტში. საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციაზე და ისტორიულ ფაქტებზე, მეტყველებს ის, რომ ჩვენ მთელი მსოფლიოს ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ვართ, როგორც ერთიანი, სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა,"- თქვა ზალკალიანმა. 

მინისტრს ასევე მის გუშინდელ განცხადებაზეც ჰკითხეს, როდესაც მან პუტინის გადაწყვეტილებას, მხარი არ დაუჭიროს სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ მისასალმებელი უწოდა. 

"თქვენ არ მიესალმებით ამ გადაწყვეტილებას? ვინ არ მიესალმება? იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც ქვეყანა აღმოჩნდა... იმ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთებს და მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა. ქვეყანა შესაძლოა მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე. ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ საერთოდ როგორც ფრენები აიკრძალა, ისე შემოღებული ყოფილიყო ემბარგო და ა.შ. რა მოგვიტანა ამან 2006 წელს კარგად ვნახეთ. გვინდოდა, რომ როგორც მაშინ ქართველები ისევ გამოეყარათ? ეს იყო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. ვინ აგებდა მერე პასუხს, რომ იქ ასობით ათას ქართველს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, რამე მოსვლოდა. ვინ აგებდა?" - ამბობს ზალკალიანი. 

რა თქვა პუტინმა და როგორ იყო სინამდვილეში წაიკითხეთ აქ

კომენტარები