საბერძნეთი

საბერძნეთის ვადამდელ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, პრემიერმინისტრი მიცოტაკისი გახდა

Reuters

საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიამ "ახალი დემოკრატია" გაიმარჯვა. მათ ხმათა 39.85% მიიღეს და პარლამენტში 158 ადგილი მოიპოვეს. ქვეყნის პრემიერმინისტრი პარტიის ლიდერი კირიაკოს მიცოტაკისი გახდა. ფიცის დადების ცერემონია დღეს გაიმართა.

ყოფილი პრემიერმინისტრის, აქლესის ციპრასის პარტიამ კი ხმათა 31.53% მიიღო და შესაბამისად 86 ადგილი მოიპოვა, რაც წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით 59 ადგილით ნაკლებია.

ცენტრისტულმა მემარცხენე პარტიამ "მოძრაობა ცვლილებებისათვის" 8% მიიღო, ხოლო კომუნისტურმა პარტიამ 5.3%. რაც შეეხება ულტრა მემარჯვენე "ოქროს განთიადის" პარტიას, მათ 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

ბარიერის გადალახვა შეძლეს პრო-რუსულმა პარტიებმა "ბერძნული გამოსავალი" და MeRA25 ("ევროპული რეალისტური დაუმორჩილებლობის ფრონტი") მათ შესაბამისად 10 და 9 ადგილი მოიპოვეს.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 57%-მა მიიღო, რაც ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ალექსის ციპრასმა ვადამდელი არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დანიშნა, მას შემდეგ, რაც მისი პარტიის რეიტინგმა საგრძნობლად იკლო.

კომენტარები