რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანმა და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა ტიმურ შაფირმა თქვა.
რია ნოვოსტისთან საუბარში შაფირმა რუსთავი 2-ის წამყვანს არაპროფესიონალი და ყალბი უწოდა.
"ეს არის ერთი ყალბი ადამიანის ექსტრავაგანტული გამოხტომა, რომელსაც ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არაპროფესიონალურია, უსიამოვნო და ამაზრზენია. არ ვიცი სხვანაირად როგორ დავახასიათო ადამიანის სიტყვები, რომელიც ასე იქცევა და თან პირდაპირ ეთერს იყენებს,"- ამბობს შაფირი.
რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს".





