რუსთავი 2

კალაძე: უსუსურია ენმ-ის მცდელობა, საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია მედიაზე ზეწოლად შეფუთოს

ნაციონალური მოძრაობა რუსთავი2-ს რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, ახალი არავისთვის არ არის. 

არც იმის ჯერა ვინმეს, რომ რუსთავი 2-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია, უბრალოდ ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება.

ამ ფონზე, ძალიან უსუსურად გამოიყურება ”ნაციონალური მოძრაობის” უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს. ეს არის სრული უტიფრობა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროვოკაციის რეალურ მიზნებს. 

ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის,თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება. 

ამიტომ, ტყუილად ირჯებით ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას. თემის ამ მიმართულებით წაყვანის მცდელობა არის აბსურდი და სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება, რომლის გახორციელებაშიც, ბუნებრივია, ხელს ნამდვილად არავის შევუწყობთ, ამიტომ უმჯობესია, აღადგინოთ მაუწყებლობა და შეეშვათ ამ მიმართულებით სიტუაციის ხელოვნურად დრამატიზების უსუსურ მცდელობებს.

ამით ვერავის მოატყუებთ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის საზღვრებს გარეთ

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ ეხმაურება გადაცემა პოსტსკრიპტუმს, რომლის წამყვანმაც, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეუტატებმა, თბილისის მერმა კი თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". რუსთავი 2-თან მოქალაქეების ნაწილი, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობები შეიკრიბნენ და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს, ასევე, თქვეს, რომ "სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს". ამის შემდეგ, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ტელეკომპანიის წინ აქცია ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული და მაუწყებლობას შეწყვეტდნენ იქამდე, ვიდრე მათი უსაფრთხოება არ იქნებოდა უზრუნველყოფილი. რამდენიმე საათია, რუსთავი 2-მა მაუწყებლობა განაახლა.

კომენტარები