რუსული ოკუპაცია

აშშ-ს ელჩი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ელიზაბეთ რუდი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საუბარია პეტრე ტოლსტოის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში.

"რუსეთის დუმის ზოგიერთმა დეპუტატმა შესაძლოა ასე თქვას, მაგრამ ეს არ არის მართალი. რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოვუწოდებთ რუსეთს. ასევე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარება", - ამბობს ელიზაბეთ რუდი.

რუსეთის პარლამენტის, იგივე დუმის თავმჯდომარის მოადგილემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღარასდროს გახდება საქართველოს ტერიტორიები.

"გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს არასდროს მოხდება", - თქვა პეტრე ტოლსტოიმ.

კომენტარები