სირცხვილია

"მისი შემოქმედება ეკუთვნის ერს" - აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები რამდენჯერმე შეასრულეს

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები რამდენჯერმე შეასრულეს.

"ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება, მეფის შემოქმედება ეკუთვნის ერს, ის ჩვენია, სწორედ მის სიტყვებზე გავიზარდეთ, მგონია, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, რომ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ" - თქვა ანი სუბელიანმა და ირაკლი ჩარკვიანის "ნაიარევს" იმღერა, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს მიუძღვნა.

გარდა ამისა, ზურა ჯავახიამ და აქციის მონაწილეებმა ერთად შეასრულეს ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა "სულს".

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ქეთათო ჩარკვიანმა აქცია "სირცხვილია" ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, "როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო".

ორ კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

ქართულმა ოცნებამ აქციებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარება. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

ამ ორი კვირის განმავლობაში, აქციაზე - "სირცხვილია" - ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები სხვა არაერთ მუსიკასთან ერთად, რამდენჯერმე გაუშვეს. 

კომენტარები