ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციებთან დაკავშირებით დაკავებები დაიწყო. ამ დროისათვის დაკავებულია 12 ადამიანი. მათ ბრალად უკანონო შეკრება, პოლიციაზე თავდასმა და სხვადასხვა იარაღის ტარება ედებათ.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი 14 წლისაა.
ასევე დაკავებულია 8 ადამიანი, რომელთაც ბრალად პოლიციელების პირადი ინფორმაციის გავრცელება ედებათ, მათ შორის მათი ტელეფონის ნომრების და მისამართების.
პოლიციამ ასევე დააკავა რამდენიმე მომიტინგე, რომლებიც 30 ივნისს პოლიციის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდნენ.
დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდი ბრიტანეთის მიერ ჩინეთისთვის ჰონგ-კონგის ტერიტორიის გადაცემის წლისთავზე მომიტინგეთა ნაწილი საკანონმდებლო შენობაში შეიჭრა.
პარალელურად მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთი თვის მანძილზე მანძილზე ჰონგ-კონგის ქუჩებში მილიონობით ადამიანი იმ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, რომლითაც დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტი და მომიტინგეებს ბოდიშიც მოუხადა, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.
მომიტინგეები შიშობენ, რომ ლამის მმართველობის სათავეში ყოფნით ჰონგ-კონგში ჩინეთის გავლენა გაიზრდება.
12 ივნისს ჰონგ-კონგში პოლიციამ მომიტინგეების რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით, წიწაკის აეროზოლითა და ხელკეტებით დარბევა დაიწყო.
ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია.
საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა თქვა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ამ მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.
1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და დამოუკიდებელი სასამართლოთითაც განსხვავდება. ჰონგ-კონგს ასევე აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.
ძირითად კანონს ვადა 2047 წელს გადის. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი ჯერჯერობით უცნობია.





