ირანი

ზარიფის თქმით ირანმა 2015 წლის შეთანხმებით განსაზღვრული ურანის მარაგის ლიმიტი დაარღვია

მუჰამედ ჯავად ზარიფი
Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით ქვეყანამ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით განსაზღვრული ლიმიტი დაარღვია და ურანის მარაგი გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ISNA ავრცელებს.

მათი ინფორმაციით ზარიფმა დაადასტურა, რომ ირანმა შეთანხმებით დაწესებულ 300 კილოგრამიან ლიმიტს გადააჭარბა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბას მოუსავიმ თქვა, რომ ირანის მხრიდან ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის შემობრუნება შეიძლება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ამბობენ, რომ მათი ინსპექტორები ამოწმებენ, გადააჭარბა თუ არა ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგის ლიმიტს. მათი ინფორმაციით გასულ კვირას ირანს დაახლოებით 200 კილოგრამამდე დაბალი ხარისხით გამდიდრებული ურანი ჰქონდა, შეთანხმების მიერ დაწესებული ლიმიტი კი 202.8 კილოგრამია. 300 კილოგრამი ურანის ფტორიდი (UF6) კი სწორედ ამ რაოდენობის ექვივალენტია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ ირანი შეთანხმებას ნაწილობრივ დატოვებდა, დაიტოვებდა გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდდა.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

ვენაში ირანსა და ევროპულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შემდეგ ირანულმა მხარემ თქვა, რომ მათ ძალიან მცირე მხარდაჭერა შესთავაზეს სავაჭრო კუთხით, რათა გადაერწმუნებინათ ისინი.

კომენტარები