ნიკა მელიას საქმე

მელიას ადვოკატი: საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი პროკურატურაში მივიდა, სადაც მტკიცებულებებს უნდა გაეცნოს.

მისი თქმით, მელია პარლამენტში იმყოფება და არსად მიმალვას არ აპირებს. მისივე თქმით, პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია.

"უნდა ჩავიბარო ბრალდების დადგენილება, თუმცაღა მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნულ საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინდელს მერე ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, გადმოგვეცეს მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით განხორციელდა ბრალდება ნიკანორ მერიასთან მიმართებაში, რაც დღემდე არ გადმოუციათ. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები. ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს ნიკანორ მელია მიიმალება, რომ მას აქვს ორი პასპორტი, რომ იგი რამდენჯერმეა საზღვარგარეთ ნამყოფი, ასეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ახლა პარლამენტი. ასევე, გასარკვევია რას გულისხმობს პროკურატურა ორგანიზებაში, მასობრივ არეულობაში, ხელმძღვანელობაში, გადატრიალებაში. უამრავი ჩანაწერი არსებობს, სადაც ნიკანორ მელია აცხადებს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად შევიდეთ პარლამენტის შენობაში და გავაპროტესტოთო. თუკი ამას გულისხმობს პროკურატურა მასობრივ არეულობაში და გადატრიალებაში და ბუნტში, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. ის არსად აპირებს მიმალვას და მზად არის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს ამ პროცესთან დაკავშირებით",- ამბობს ადვოკატი.

საქართველოს მთავარ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიას დაკავება სურს. საგამოძიებო უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თუმცა, ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი იცავს და იმისთვის, რომ პროკურატურამ მისი დაკავება ან ჩხრეკა შეძლოს, დეპუტატის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

სწორედ ამ მოთხოვნით მიმართა საგამოძიებო უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს 25 ივნისს. 26 ივნისს, დილიდან კი ნიკა მელიას კოლეგები გადაწყვეტენ მისცენ თუ არა თანხმობა პროკურატურას დეპუტატის დაკავებაზე.

​პროცედურა შემდეგია: თავდაპირველად იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, რომელიც 09:00 საათზეა ჩანიშნული. ამ სხდომაზე პროკურორებმა დეპუტატებს თავიანთი მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა დაუსაბუთონ. კომიტეტზე დასწრების უფლება და განმარტებების შესაძლებლობა აქვს თავად ნიკა მელიასაც.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც მხარდაჭერისთვის საჭიროა დამსწრეთა უმრავლესობა. სესია პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

თუ დეპუტატები პროკურატურის მოთხოვნას მხარს დაუჭერენ, სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას იმავე დღეს დააკავებენ. ენმ-ს წევრი 26 ივნისს პროკურატურაში დაბარებულიამისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათ პარლამენტის შენობაში შესვლა მას შემდეგ სცადეს, რაც ამისკენ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოუწოდა.

რამდენიმე საათში სპეცრაზმმა აქცია ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. რამდენიმე დღეა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები" დაინახა.

კომენტარები