სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

"ჩვენ არ გვეშინია" - მიშა მშვილდაძემ აქციიდან პუტინს რუსულად მიმართა

მიშა მშვილდაძე

სირცხვილია - პარლამენტის წინ აქციების ერთერთმა ორგანიზატორმა, წამყვანმა მიშა მშვილდაძემ, რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე მიმართა და მას უკან დახევა ურჩია.

"ვლადიმირ ვლადიმეროვიჩ, ჩვენ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვართ, რომელთა 20%-იც თქვენ მიერაა ოკუპირებული. და ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ თქვენი არ გვეშინია. ჩვენ არ გვეშინია არც თქვენი ტანკების, არც თქვენი რაკეტების. არც თქვენი ბირთვული იარაღის! არც თქვენი რადიოაქტიური პოლონიუმის. დაასხით! დაასხით, ოღონდ თასი ბოლომდე შეავსეთ. თუკი მოგვიწევს, ამ თასიდან ბოლომდე შევსვამთ. იმიტომ, რომ ჩვენ ქართველები ვართ! თქვენი ეკონომიკური სანქციებით უბრალო ქართველ ადამიანს ურტყამთ და არა სააკაშვილს. ასე რომ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, გაბრუნდი, ბიჭო! გაბრუნდი!"- თქვა მშვილდაძემ. 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით მოქალაქე უკვე მე-6 დღეა აქციას მართავს. 

მოქალაქეებმა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან 24 ივნისს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან.

კომენტარები