სერგეი გავრილოვი

გავრილოვი ქართულ პროტესტზე: შეიძლება, მღვდელი გავხდე და მომიწიოს მათგან აღსარების მიღება

Vestnik Kavkaza

კომუნისტი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც თბილისის დატოვება პროტესტის ფონზე მოუწია, ამბობს, რომ შეიძლება, მღვდელი გახდეს.

"მინდა, ვთქვა, რომ სერიოზული შიდა ბრძოლა მაქვს იმიტომ, რომ ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული, მე მისი საფლავის მონახულება მინდოდა. მე სემინარიას ვამთავრებ და, შესაძლოა, მღვდელი გავხდე და მე მომიწევს ასეთ ადამიანებისგან აღსარების ჩაბარება. მე მზად უნდა ვიყო, რომ მათ ეს ცოდვები ვაპატიო, თუმცა არ შეიძლება ვაპატიოთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წყენა, არ შეიძლება, ვაპატიოთ ღია თავდასხმები, მუქარები, ფურთხება ჩვენს ქვეყანაზე, ასეთი რაღაცების პატიება არ შეიძლება,"- ამბობს გავრილოვი Россия 24-თან საუბრისას. 

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და მას 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები.

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.

კომენტარები