სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

ხოშტარია: ქართული ოცნება, როგორც მოვლენა, დასრულებულია

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია მოკლე ვადიან გათვლად აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, გადაწყვეტილებას, აქციის მთავარი მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთის შესრულებაზე.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ აუცილებლად შესრულდება აქციის სამივე მოთხოვნა. ამის შესახებ ის დღეს აქციაზე რუსთავი 2-ს ესაუბრა. 

"ერთი რამ არის მნიშვნელოვანი. თვითონ პრეცედენტი, რომ აი, ამ ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიღებს შედეგს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა მთავრობისთვის და ამან პრაქტიკულად ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნება, როგორც მოვლენა დასრულებულია. ნებისმიერი მთავრობისთვის, რომელიც ძალადობრივად მოეპყრობა თავის საზოგადოებას, მიიღებს პასუხს. ეს უკვე დამთავრებულია,"- ამბობს ხოშტარია. 

ხოშტარიასვე თქმით, წარმოუდგენელია ქართული ოცნების წევრების მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკისრება. 

"ახლა რაც შეეხება გახარიას. წარმოუდგენელია საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს ისჯება შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს არის ადამიანი, რომელმაც შეისყიდა ნაკლებად მომაკვდინებელი, ანუ მომაკვდინებელი ტყვიები და გასცა ბრძანება, რომ ეს ტყვიები გამოეყენებინათ. ეს არის ადამიანი, რომლის უწყების წარმომადგენლებიც დამიზნებით ადამიანებს ესროდნენ ტყვიებს და ზოგი მათგანი დღეს სიკვდილს ებრძვის. ეს არის ადამიანი, რომელმაც პოლიტმატიმრები სცემა. დღეს გაირკვა, რომ ირაკლი ხვადაგიანს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული. ადამიანები არიან ნაცემები და მათთან ექიმებს არ უშვებენ. ვინ აგებს ამაზე პასუხს? ჩამწკრივებულან დღეს ქართული ოცნების წევრები და თუთიყუშებივით იმეორებენ ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციას, რომ პასუხისმგებლობა არ არის, ჰგონიათ, რომ ამ ხალს ამით გაისტუმრებენ?" - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 26 ივნისს, 19:00 საათზე გაგრძელდება. მოსახლეობამ, რომელიც პარლამენტის წინ აქციას უკვე მე-5 დღეა, მართავს 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან 24 ივნისს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან.

კომენტარები