სირცხვილია - აქცია პარლამენტის წინ

ყანჩელი: ჯანმრთელობა რომ არა, მე დღეს ახალგაზრდებთან ერთად ვიდგებოდი პარლამენტთან

მანანა ქველიაშვილი / ბათუმელები

კომპოზიტორი გია ყანჩელი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა რომ არ ჰქონდეს, ის დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ახალგაზრდების გვერდით იდგებოდა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებითა და რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება,"- უთხრა გია ყანჩელმა TV პირველს. 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი უკვე მე-5 დღეა აქციას მართავს. მათი 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმრავლესობა საქალაქო სასამართლომ 9-დღიან პატიმრობაში დატოვა. ვრცელდება ცნობები, რომ დაკავებული ადამიანები ნაცემები არიან. 

კომენტარები