რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მედვედევი რუსეთის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არაპროფესიონალურს უწოდებს

TACC

რუსეთის პრემიერმინისტრი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას არაპროფესიონალურს უწოდებს. დმიტრი მედვედევის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ან არ გაერკვა საქმეში, ან ვითარებას ამახინჯებს. 

საუბარია 20 ივნისის აქციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ესკალაცია და დესტაბილიზაცია ვისაც სურს, მათი მიზანია ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა - გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

დმიტრი მედვედევის კომენტარს "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"მცდელობა ეს ყველაფერი დააბრალო რუსეთს, გამოიყურება როგორც რეალური სიტუაციის დამახინჯება", - ამბობს მედვედევი.

რუსეთის პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ ზურაბიშვილისგან ასეთი რიტორიკა სამწუხაროა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში მოსკოვი ტურისტებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით გააფრთხილებს.

"და მაშინ რეალური პრობლემები იქნება უკვე საქართველოს ეკონომიკაში", - ხაზი გაუსვა მედვედევმა.

​რუსეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები რადიკალურ ოპოზიციასა და პროსახელისუფლებო ძალებს უკავშირდება. მედვედევის აზრით, პროტესტის მიზანია საქართველოში პოლიტიკური სისტემის "აფეთქება".

"ამიტომაც ამ ყველაფერს თან სდევს სააკაშვილის ტიპის სხვადასხვა პოლიტიკური კლოუნის კომენტარები, რომელიც მალევე ჩაერთო ამ პროცესში", - ამბობს ოკუპანტი ქვეყნის პრემიერმინისტრი.

კომენტარები