აქცია პარლამენტთან

გავრილოვი მოითხოვს, რომ თბილისში მომხდარი "არეულობის" გამოძიებაში რუსეთიც ჩაერთოს

რუსთავი 2

რუსეთის დუმაში მოითხოვენ, რომ თბილისში მომხდარი "არეულობის" გამოძიებაში რუსეთიც ჩაერთოს. რუსული მედიის მიხედვით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თქვა, რომელიც გუშინ პროტესტის ფონზე იძულებული გახდა, ჯერ საქართველოს პარლამენტის შენობა დაეტოვებინა, შემდეგ კი საქართველო.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და ძალაუფლების დესტაბილიზაციის მცდელობებში, მაგრამ აგრესიული და საზიანო ქმედებები რუსეთის ფედერაციის მისამართით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული." თქვა მან.

მან ასევე თქვა, რომ დუმას დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დასჯის თბილისში მომხდარი "არეულობისათვის" პასუხისმგებელ პირებს და ისინი მზად არიან ამაში მონაწილეობა მიიღონ.

"მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ჩვენს ხალხებსა და ეკლესიებს შორის კეთილმეზობლობის და პატივისცემის ზრდაზე, რამდენადაც, სწორედ უერთიერთობების დაბლოკვა არის ექსტრემისტების მიზანი, რომლებმაც დაიწყეს გადატრიალების ეს მცდელობა, გამოიყენეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი, როგორც საბაბი." თქვა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და მას 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.

ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა.

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები.

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.

დღეს ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები