„ევექსის” დირექტორის, ნათია ნუცუბიძის ცნობით, 20 ივნისს აქციის დაშლის შემდეგ კლინიკაში 84 ადამიანი შეიყვანეს. მათგან მხოლოდ 4 პიროვნებაა სამოქალაქო, დანარჩენი 80 სამართალდამცველია.
8 სამართალდამცველი ტვინის შერყევის გამო ნევროლოგიურ დეპარტამენტში გადის სტაციონალურ მკურნალობას, ხოლო 3 სამოქალაქო პიროვნებას ოპერაცია უტარდება.
დანარჩენი პირები პირველადი დახმარების შესაბამისი დანიშნულებით გაეწერნენ.
“ძირითადად იყო ბლაგვი საგნით დაზიანებები, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა, პატარა ჭრილობები გარკვეული სახის არეში, იყო ნაყვიარებიც, თვალის დაზიანება შესაბამისად არის მსგავსი საგნით მიყენებული და მიმდინარეობს ოპერაცია. დიდი ალბათობით გადარჩება თვალი", - ამბობს ნათია ნუცუბიძე.
ის ჟურნალისტის კითხვას გავრცელებულ ხმებზე, რომ 4 ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, არ ადასტურებს და ამბობს, რომ ორი ნეიროქირურგიული ოპერაცია ტარდება და ისინი სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაა.
ასევე, 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს ერთ-ერთი დაშავებული ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის მიმღებში ტაბულას უთხრეს, რომ პაციენტის ვინაობა არ იციან.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან 20 ივნისს გამართულ აქციაზე დაშავებული 240 პირის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, მათ შორის 80 სამართალდამცველი იყო. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 102 ადამიანი იმყოფება.
20 ივნისს პარლამენტთან ანტირუსული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დემონსტრანტების ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშლა მოჰყვა.
მოქალაქეების პროტესტი თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტმა გამოიწვია. გავრილოვი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა. ის ამ ასამბლეის თავმჯდომარეა. გავრილოვს 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს, 20 ივნისს კი სამუშაოს სხდომები პარლამენტის შენობაში გაგრძელდა. გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
მოქალაქეები ამის გასაპროტესტებლად ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათი და ოპოზიციის პროტესტის შედეგად იქ ასამბლეის სხდომა ჩაიშალა და სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. დემონსტრანტებმა სწორედ აქ გადაინაცვლეს. ასამბლეის სხდომის დასრულების შემდეგ გავრილოვი კვერცხების და წყლის ბოთლების სროლით და გინებით გააცილეს, შემდეგ კი პარლამენტთან გადმოინაცვლეს, რათა მმართველი გუნდის პოლიტიკა გაეპროტესტებინათ.
აქციაზე სიტყვით პოლიტიკოსებიც გამოვიდნენ.
მოთხოვნები ასეთი იყო: ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურის გადადგომა.
აქციაზე შეკრებილების ნაწილი სკანდირებდა, რომ პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ და კობახიძის გადადგომა იქ გაეგრძელებინათ.
პოლიტიკოსებმა მმართველ გუნდს მათ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის 1-საათიანი ვადა მისცეს. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მათ პასუხი არ გასცა, გიგი უგულავამ თქვა, რომ მმართველ გუნდს 12 საათამდე დალოდებოდნენ და შემდგომი ნაბიჯები მოეფიქრებინათ.
თუმცა, ნიკა მელიამ მაშინვე მოუწოდა შეკრებილებს, შეჭრილიყვნენ პარლამენტში. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილს სპეცრაზმმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები, ფარები და ხელკეტები წაართვეს და ბოთლები ესროლეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, თუმცა, სწორედ ამ დროს გაუშვა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა, კვამლი და სუნი მეტრო თავისუფლების მოედნამდე იგრძნობოდა. სამართალდამცველებმა ისროლეს რეზინის ტყვიებიც.
ესროდნენ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ და პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, არამედ განურჩევლად ყველას, მათ შორის, გაქცეულებს, დამიზნებით და ახლო მანძილიდან.





